ქრისტეს გზა

 

საგანმანათლებლო პროგრამა ყმაწვილთათვის - ,,ქრისტეს გზა”

          საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და კულტურის გაგებისათვის აუცილებელია მოზარდთათვის ქრისტ    იანული სწავლების გაცნობა. ეს კი შეუძლებელია ბიბლიის შესწავლის გარეშე.
          წარმოდგენილი საგანმანათლებო პროგრამა ყმაწვილთათვის - ,,ქრისტეს გზა” სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
          უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის კურთხევით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია, ვმუშაობთ მოზარდებისათვის საღმრთო სჯულის თანამედროვე სახელმძღვანელოების შექმნაზე. წარმოდგენილი წიგნები ეყრდნობა ტრადიციულ, ქართულ სახელმძღვანელოებს და ამავე დროს ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე გამოცდილებას.
           მოზარდს რომ არ გაუძნელდეს ბიბლიური სიბრძნის გაგებაათვისება, ამიტომ წარმოდგენილი პროგრამა იწყება დაწყებითი, ანუ მოსამზადებელი ნაწილით:
          წიგნი 1 ,,რას გვასწავლის წმიდა წიგნი”, რომელსაც მკითხველი შეჰყავს ქრისტიანული ცხოვრების არსში, რათა მოზარდმა ელემენტარულ დონეზე იცოდეს, ვინ იყო ქრისტე-მაცხოვარი, რას გვასწავლიდა იგი; როგორ აღდგა ჯვარცმული იესო და რომ მისი მიმდევრები - მორწმუნეები საუკუნოდ ანუ მუდამ იცოცხლებენ (ამის გააზრება მეტად მნიშვნელოვანია მცირე ასაკის ბავშვებისათვის); წიგნი მაქსიმალურად გამარტივებულად გადმოსცემს ქრისტეს მოძღვრების ძირითად ნაწილს.
          წიგნი 2 ,,ძველი აღთქმა” - მოიცავს ბიბლიის იმ ნაწილს, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ქრისტიანობასთან და მკაფიოდ მიუთითებს მესიის, ქრისტეს მოსვლაზე.
          წიგნი 3 ,,ახალი აღთქმა” - წარმოდგენილი პროგრამის ძირითადი ნაწილია, რადგან ბიბლიის სწავლების ძირითადი არსი, მართლმადიდებლობის გული, წმიდა სახარებაა; ოდნავ გაფართოებული კი - ახალი აღთქმა; ამიტომ მთელი სწავლების ფუძე და ქვაკუთხედი სწორედ ახალი აღთქმაა.
          წიგნი 4 ,,ლიტურგია და კატეხიზმო”. სახარება ისევე უკვდავია დღესაც, როგორც მაცხოვრის დედამიწაზე მოსვლის წლებში; ყოველი კვირა დღის მსახურებით კი კვლავდაკვლავ იდღესასწაულება ქრისტეს აღდგომა. ამიტომ ლიტურგიისა და კატეხიზმოს საფუძვლების ცოდნა სასურველია მოზარდისათვის, რათა მან იფიქროს და იმსჯელოს კიდეც მიწოდებული მასალის შესახებ, რადგან არა მხოლოდ ტექსტის ცოდნაა მნიშვნელოვანი, არამედ სასურველია, რომ პიროვნება თავიდანვე ეჩვეოდეს საღვთისმეტყველო აზროვნებასაც. ყოველივე ეს მოზარდმა უნდა მიიღოს აღნიშნული წიგნით. [წიგნი ხელნაწერის სახითაა].
          ეს არის წარმოდგენილ პროგრამაში ბიბლიური სწავლების ძირითადი ხაზი.
          წიგნები წარმოადგენენ სასწავლო სახელმძღვანელოებს სამრევლო სკოლებისათვის; ამიტომ მათ ერთვის დამატებითი საკითხავი ლიტერატურა, რომლებიც მოზარდს მიწოდებული მასალის ათვისებაში დაეხმარება. ეს არის სახარებისეული ისტორიები, იგავები, სწავლებები, მასალები წინასწარმეტყველებზე, მოციქულებზე, დიდ მღვდელმთავრებზე, წმინდანებზე, საქართველოს გაქრისტიანებაზე, ქართველთა სულიერ წინამძღვრებზე, გამორჩეულ ქართველ წმინდანებზე; ასევე შეიცავს კითხვებს, რუკებს, სავარჯიშოებს, კროსვორდებს.
          აღნიშნულის გარდა საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქრისტეს გზა’’ ითვალისწინებს ყმაწვილთათვის დამატებითი წიგნების გამოცემას, რომელთაგან პირველია წიგნი-ალბომი ,,რას გვასწავლის ბიბლია’’ (ბიბლია ყმაწვილთათვის), რომელიც აერთიანებს ძველი და ახალი აღთქმის ძირითად მასალას.
          წიგნებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მათში ციტირებული იყოს სხვადასხვა ეპიზოდები შესაბამისი განმარტებებით ,,სახარებიდან”, ,,სამოციქულოდან”, ,,დაბადებიდან” და ა.შ. მოზარდთათვის გათვალისწინებულ ამჟამად არსებულ წიგნებში აღნიშნულ მასალას მოზარდი ძირითადად ეცნობა გადმოცემული მოკლე შინაარსით და არ ხდება უშუალო შეხება პირველწყაროსთან. მთავარია კი ბიბლიის ციტირება შესაბამისი განმარტებით ისე, რომ მოზარდმა ისმინოს თავად უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები და არა მათი პერიფრაზი; ასე სწვდებოდეს ის აზრსა და შინაარსს.
          წიგნები ილუსტრირებულია კანონიკური ხატებით (300-მდე ხატი), რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში სიუჟეტურად გადმოსცემს მასალის დედააზრს, საბოლოოდ კი - ძველი და ახალი აღთქმის შინაარსს. ამას ორმხრივი დატვირთვა აქვს: ჯერ ერთი, ამით მოზარდებს მასალის შინაარსის გაგება გაუადვილდებათ და მეორე, გაეცნობიან და შეისწავლიან იმ ხატებს, რომლებსაც მართმადიდებლურ ეკლესიებში ხედავენ.
          აღნიშნულმა წიგნებმა გაიარეს აპრობაცია. ისინი განხილული იქნა პრაქტიკოსი პედაგოგების, მეთოდისტების, შესაბამისი სპეციალისტებისა და სასულიერო პირების მიერ (მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები მაქსიმალურად იქნა მიღებული და გათვალისწინებული ავტორთა მიერ).
          საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფელური, მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ წიგნები რეცენზირებულია, ნებადართულია გამოსაცემად და რეკომენდირებულია სამრევლო სკოლებისათვის; ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან წიგნებთან დაკავშირებით ავტორთათვის გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ

,,...რამდენადაც თქვენი წიგნები ეძღვნება კურს, რომლის მიზანია კონკრეტული რელიგიის შესწავლა, კანონმდებლობით მისი შესწავლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობითი კურსის ფორმით, სასკოლო დროისაგან თავისუფალ დროს. ხოლო რადგან ეს კურსი მართმადიდებლობას ეხება, თქვენი წიგნები უნდა იყოს რეკომინდებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფელურ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ [წიგნები რეკომენდირებულია - ავტ. შენიშვ.]. თუ რომელიმე სკოლაში მოსწავლეები სასკოლო დროისაგან თავისუფალ დროს გადაწყვეტენ საღმრთო სჯულის შესწავლას, მათ ექნებათ უფლება თქვენი წიგნებით ისარგებლონ”

          ვფიქრობთ შემდგომში, აღნიშნულ წიგნებს დაემატოს წიგნები (მეორე ეტაპი): ა) ,,საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია’’; ბ) ,,ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, ხატწერა და გალობა’’; გ) ,,მსოფლიო რელიგიები’’


              წიგნების შედგენაზე მუშაობდნენ:
       დეკანოზი ბასილი ჟორჟიკაშვილი - რედაქტორი (წმ. ილია მართლის სახ. ტაძრის მოძღვარი);
     ლალი დათაშვილი - რედაქტორი (საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რელიგიების ისტორიის კათედრის გამგე);
       ლაზარე ბერძენიშვილი - პროგრამის ავტორი; შემდგენელ-მთარგმნელი;
       დოდო თელია - შემდგენელი (უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი; თბილისის გიორგი ჭყონდიდელის სახ. 164-ე სკოლის პედაგოგი);
       გალინა ხარებაშვილი - შემდგენელი (ფილოლოგი);
       თეა ინწკირველი - ხატმწერი, ხელოვნებათმცოდნეობის პედაგოგი.
       კომპიუტერული უზრუნველყოფა - ბესიკი ბაბალაშვილი.
       ვებ უზრუნველყოფა - ლაშა აბზიანიძე.

             ოფიციალური რეცენზენტ-კონსულტანტები:
       დეკანოზი მიქაელ გალდავა - თბილისის სასულიერო აკადემიის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; თემქას დასახლების ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვარი;
       დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი აღთქმის პედაგოგი; საბურთალოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძრის წინამძღვარი;
       გია ალიბეგაშვილი - თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის და სიტყვიერების ისტორიის კათედრის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
       ნინო კანდელაკი - საპატრიარქოს წმ გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) სახ. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი; ვაკის წმ სამების სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლის საღმრთო სჯულის პედაგოგი.

bolo